არშემდგარი Love Story


ანი  ქუჩაში შემხვედრი ორი ან სამი ბიჭიდან ყოველთვის მხოლოდ ნაკლებად სიმპათიურს ამჩნევდა. ჰქონდა სევდიანი სასიყვარულო ისტორიები და კრილოვივით ბლინებით არა, მაგრამ  ემასავით („No strings attached“-იდან) დონატების ჭამით სკდებოდა და ხმამაღლა მღეროდა (ამ ქმედებას, რიგ გარემოებათა გათვალისწინებით, შეგვიძლია სიმღერა ვუწოდოთ) „Bleeding love”-ს. საბაკალავროს იცავდა მაკარონულ პოეზიაზე და სრულიად უაზროდ ამოუტივტივდებოდა ხოლმე ფორმულა: (a ± b)² = a² ± 2ab + b².

მირზა პროფესიით გაყიდვების მენეჯერი იყო, მაგრამ საწუთროს მუხანათობის გამო ჯერ სიღნაღის _ სიყვარულის ქალაქის, შემდეგ კი გორის _ წყენის დავიწყების ქალაქის _ მშენებლობაზე მუშაობდა. ხშირად დადიოდა კაფე „Iscariot”-ში და ჰქონდა ახალი ქართული სოციალური ქსელის შექმნის იდეა, სადაც მარჯვენა ხელის ზეაღმართული ცერის (და-like-ების ფუნქციით) ნაცვლად ბახალას ზომის ყვავი (და-ყვავ-ების ფუნქციით) იქნებოდა.

ორიოდე დღით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი განახლებულ ქალაქს გახსნიდა, ანიმ კიდევ ერთი წყენის დავიწყება გადაწყვიტა. გორს რამდენიმე ბილბორდი უკვე ამშვენებდა, ყველაზე დიდზე კიმონოიანი კაცი ნეკო-აში-დაჩი ჯოდან-უკეს აკეთებდა და გვერდით ეწერა: „აღმოაჩინე მიძინებული ნინძა შენში!“  სწორედ ამ კაცს აკვირდებოდა ანი, როცა მირზამ შენიშნა; ჯერ გახუნებულ კომბინიზონს დახედა, მაგრამ გადაწყვიტა გოგონა მაინც გაეცნო: „ადრე ჩამოსულხარ, ჯერ ყველაფერი არ დაგვიმთავრებია“. „ჰო, რა ვიცი…“_ უპასუხა ანიმ და რამდენიმე წამით დაიბნა კიდეც, რაკი ახლომახლო არცერთი ბიჭი არ იყო, მისთვის რომ შეედარებინა. „არაუშავს, თხუთმეტ წუთში სამუშაო საათები მიმთავრდება და თუ ცოტა ხანს მომიცდი, ერთ საინტერესო ადგილს გაჩვენებ“.

ზუსტად თხუთმეტ წუთში ანი და მირზა გორის ციხისკენ მიაბიჯებდნენ. ამ დროს მირზა გეგმას აწყობდა, რამდენად დრამატულად მოუთხრობდა გოგონას ციხეში ჩატანებული ზურაბის ამბავს, თუმცა, საბედნიეროდ, მალევე გაახსენდა, რომ ეს ლეგენდა ამ ციხეზე არ იყო და გზა ჩუმად განაგრძო. ანი გულში ბროდსკის ლექსებს ამბობდა და თითქმის დავიწყებოდა კიდეც, გვერდით რომ ბიჭი მოყვებოდა.

ბოდიალის შემდეგ შემთხვევით „მირზაანში“ აღმოჩნდნენ, ჭამეს, ერთმანეთის სახელები გაიგეს და ბევრი იცინეს. ანი წყენადავიწყებული დაბრუნდა შინ, შეყვარებულმა მირზამ კი ოხვრით დაამთავრა უკანასკნელი სამუშაოები…

One thought on “არშემდგარი Love Story

თავისუფლება კომენტარს!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s