წერა-პრობლემები



არის თუ არა აუცილებელი, მწერალი თავის თხზულებას რაიმე პრობლემას უძღვნიდეს?! ანუ რომელიმე აქტუალურ/პოლემიკურ საკითხს აღწერდეს ან აკრიტიკებდეს, პრობლემას წამოჭრიდეს ან  გამოსავალს ეძებდეს?! ერთმა ქართველმა მწერალმა ეს თემა ფეხსაცმლის გახსნილ თასმასთან დაკავშირებულ სიტუაციებს შეადარა, სადაც თასმაგახსნილი ადამიანი მკითხველია, საპირისპირო მხარეს მომავალი თანამოქალაქე, რომელიც გახსნილ თასმას ამჩნევს _ მწერალი; გახსნილი თასმა, რაღა თქმა უნდა, _ არსებული პრობლემა. თასმის საშიშად და შემზარავად შეხსნილობით აღფოთებულ მწერალს აქვს რამდენიმე ვარაინტი იმისა, თუ როგორ მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში:

ა) არ შეიმჩნიოს პრობლემა და თასმის მდგომარეობის (ან მოძრაობის) შესახებ არ აცნობოს მკითხველს;

ბ) მივიდეს მოქალაქესთან და თავისი ზრდილობის შესაბამისად, თავაზიანად უთხრას: მოქალაქევ, თასმა გაქვთ გახსნილი და თქვენთვისვე უმჯობესია, თუ კეთილს ინებებთ (ან დახრას ინებებთ) და შეიკრავთო;

გ) თასმისდამნახავ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენ მწერალი ვუწოდეთ, შეუძლია არნახული კეთილსინდისიერაბა გამოიჩინოს, მივიდეს მომხდურთან, დაიხაროს და ყოველგვარი შესიტყვება-გასაუბრების გარეშე, თავად შეუკრას გახსნილი თასმა.

მწერლის მიერ პრობლემატური საკითხის წამოჭრა-გადაჭრის საკითხი სწორედ ამ სიტუაციებს ჰგავსო, გაცილებით მარტივი და მოხდენილი ენით მითხრა ზემოხსენებულმა ქართველმა მწერალმა. ეს შედარება ძალიან მომეწონა; იმდენად, რომ შინ დაბრუნებისას მთელი გზა და, შემდგომ, მთელი საღამო ამაზე ვფიქრობდი და სამივე მოქმედების  მიზეზების პოვნას ვცდილობდი.

შემდეგ დაახლოებით ასეთ დასკვნებამდე მივედი:

ა) პირველ შემთხვევვაში მწერალი ბრმა კაცისგან არაფრით განსხვავდება. თუ პრობლემის მოგვარებას არ ცდილობ, მაშინ ის არც დაგინახავს, ისევე როგორც ბრმა კაცს არ დაუნახავს, საპირისპირო მხარეს მომავალ კაცს  ფეხსაცმელზე თასმა რომ აქვს გახსნილი. ასეთი მწერლები ან მართლა თვალისჩინმოკლებულები არიან ან იმდენად ამპარტავნები, რომ რიგით პრობლემიან გამვლელთან სიტყვის თქმას არასდროს იკადრებენ.

ბ) მეორე კატეგორიაში სწორედ ის ხალხია, ვისაც ყველაზე მეტხანს სჭრდება ყოყმანი და ფიქრი, როგორ უთხრას გამვლელს თავისი სათქმელი. ასეთმა გამბედავმა მწერლებმა მრავალი პირობა უნდა გაითვალისწინონ, რომ შენიშვნით ისედაც საფრთხით მოსიარულე მოქალაქე არ დააფრთხონ. მათი მისია, უმთავრესად, პრობლემის მოსაგვარებელი გარემოს შექმნაა, რაც ფორმის შერჩევის გარეშე საეჭვოა გამოუვიდეთ. ცხადია, ამაზე სრულადაა დამოკიდებული მოქალაქის თასმის შეკვრა-არშეკვრის არჩევანიც.

გ) მესამე კატეგორიაში ე.წ. რეალისტი მწერლები შედიან. ისინი არ ეკითხებიან მკითხველს თასმის შეკვრა უნდათ თუ არა, უფრო სწრად, საერთოდ არაფერს ეკითხებიან. თავიანთივე ინიციატივით, თავისივე ხელით უკრავენ თასმას და ჰგონიათ, რომ ამით პრობლემა მოაგვარეს. მაგრამ, პირველი კატეგორიის მსგავსად, ვერც ესენი დაიკვეხნიან კარგი მხედველეობით: მათ მხოლოდ ქვემოთ ყურება შეუძლიათ და ისიც მხოლოდ იმის დანახვა, რაც მიწის ზედაპირზეა. ასეთები ზედმეტად რეალისტები ან მატერაილისტები არიან, როგორც ვირჯინია ვულფი ამბობს „თანამედროვე პროზაში“, ასეთებს  მხოლოდ ზედაპირულ მახასიათებლებზე წერა უხარიათ და თან შესაშური სიბეჯითით, იმდენად შესაშურით, რომ დახრა და სხვისი ფეხსაცმლის თასმებისათვის ხელის მოკიდებაც არ ეზარებათ.

არადა, თასმის პრობლემას გაცილებით შორს მივყავართ: სანამ მოქალაქე მკითხველს მოქალაქე მწერალი თავაზიანად მიმართავს და ეკითხება, თასმის შეკვრას ხომ არ ინებებს, მოქალაქე მწერალმა შესაძლოა შეამჩნიოს, რომ მის წინ მდგომი ნორმაზე მეტად ფერმკრთალია, შესაძლოა თავიც სტკივა და, ვაი, თურმე რიგიანად მადლობის გადახდაც არ შეუძლია, თავს ისე ცუდად გრძნობს. მოკლედ, რომ არა მოქალაქე მწერალი, შესაძლოა მოქალაქე მკითხველს 5-10 წუთში გონებაც დაეკარგა. რომ არა მწერლის თვალი და შემდგომ ამისა, მწერლური გამბედაობა, ოპერაცია „თასმის შეკვრა“, რაღა თქმა უნდა, თასმოსან მოქალაქიანად, აღარც იარსებებდა.

მთელი ამ პირობითი მსჯელობის მიზანი  ის არის, რომ გავახსენო საკუთარ თავს, როგორც  მკითხველს: უმიზნოდ, პრობლემის გარეშე წერა არწერას უდრის; უხეშად, ბრმად, ან „ვაიმე, რა მაგარი ვარ, რომ საერთოდ ვწერ“ განწყობით წერა დანაშაულია;  ხანგრძლივი დაფიქრებით, ფორმის შერჩევით და ყველა შესაძლო ლაფსუსის გათვალისწინებით წერა კი _ რთული. არჩევანი, როგორც ყოველთვის, ჩემზეა, მე შემიძლია ქუჩაში ფეხშიშველი გავიდე (?!).

2 thoughts on “წერა-პრობლემები

  1. უმიზნოდ, პრობლემის გარეშე წერა არწერას უდრის; უხეშად, ბრმად, ან „ვაიმე, რა მაგარი ვარ, რომ საერთოდ ვწერ“ განწყობით წერა დანაშაულია

    როგორ მომეწონა ^_^

თავისუფლება კომენტარს!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s